წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს - ლევან მოსეშვილი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას", – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც საავიაციო ჰაბი", – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა
13.11.2026.13:37
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.
Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.