წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 5 მილიონს მიაღწევს - TAV Airports-ის მენეჯმენტთან შეხვედრის დეტალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და განაგრძოს ოპერირება, მათ შორის, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში.
კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურამ უპასუხოს გაზრდილ მგზავრთნაკადს და ახალი ავიაკომპანიების საჭიროებებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოში მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასა და მგზავრთნაკადის ზრდას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, შესაბამისად - ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს ძალისხმევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ჩინეთიდან მგზავრთნაკადის ზრდას და საქართველოს ბაზრით ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826