წლის ბოლოს რიკოთის მეოთხე მონაკვეთი მთლიანად დასრულდება - გიორგი წერეთელი
წლის ბოლოს რიკოთის მეოთხე მონაკვეთი მთლიანად დასრულდება,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.
მისი თქმით, გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო საგაო პროექტების სამ მიმართულებას ავითარებს.
„ეს არის დასავლეთი-აღმოსავლეთი, სამხრეთი-ჩრდილოეთი და კახეთის მიმართულება. სამივეზე კარგი პროგრესი გვაქვს. რაც შეეხება დასავლეთი-აღმოსავლეთის მაგისტრალს ეს არის E60-E70 მაგისტრალი. მთლიანობაში წითელი ხიდიდან სარფამდე 430 კილომეტრი იქნება, როცა დასრულდება. ამ ეტაპზე არის 460 კილომეტრი, მაგრამ როცა დასრულდება შემცირდება და იქნება 430 კილომეტრი. აქედან უკვე 256 კილომეტრის მშენებლობა დასრულებული გვაქვს. ყველაზე რთული მონაკვეთი, თავისი გეოგრაფიული არეალიდან და გეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო რიკოთი, სადაც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება, ძალიან დიდ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული. 97 ხიდიდან 89 უკვე აშენდა. დასრულებულია 50 გვირაბის მშენებლობა.
აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რიკოთის მეოთხე და პირველ მონაკვეთზე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოს რიკოთის მეოთხე მონაკვეთი მთლიანად იქნება დასრულებული და ძირითადი ნაწილი იქნება დასრულებული პირველი მონაკვეთის“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საავტომობილო გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს კონკურენციაში შესვლა იმ დერეფნებთან, რომლებიც მდებარეობს სამეზობლო არეალში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826