წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა - საქსტატი
2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.2 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (14.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-5.3 პროცენტი), თევზეული (-2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3 პროცენტი);
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.6 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (24.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (1.8 პროცენტი);
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8 პროცენტი);
განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10.0 პროცენტი), საშუალო განათლებაზე (5.8 პროცენტი) და უმაღლეს განათლებაზე (2.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826