წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა
2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), თევზეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.6 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურებასა (11.0 პროცენტი) და საზოგადოებრივ კვებაზე (7.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.5 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (38.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-5.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.1 პროცენტი).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826