ცნობილია, როდემდე აიკრძალა საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი დროებით აიკრძალა. კერძოდ, 27 ივნისს ცვლილება შევიდა „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში .
ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 1 მაისამდე შეჩერდა ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი „ბ“ - „საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული შემდეგი კოდების მოქმედება:
A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა;
B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები;
16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07-ისა)
16 08 07* − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით.
შესაბამისად, დღეიდან ცვლილებაში აღნიშნული კოდების მოქმედების შეჩერების ვადამდე (01.05.2026 წელი) იზღუდება კატალიზატორების ექსპორტი.
ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება არ ეხება 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს.
ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი იყო გატანილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826