თუ AI სამუშაო ადგილებს შეამცირებს და გაზრდის მოგებას, მაშინ ახალი ტიპის ვაკანსიები გაჩნდება - სოსო გიორგაძე
დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი საშუალებას იძლევა, რომ 10 ადამიანის ნაცვლად, სულ ცოტა 5 ადამიანი გახდეს საჭირო იმიტომ, რომ ძირითად საკვანძო საკითხებზე ის ავტომატურად შეძლებს პასუხის გაცემას, - ამის შესახებ საქპატენტის ხელმძღვანელმა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ სფეროში სამუშაო ადგილები შემცირდება.
„თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეკონომიკის სწორი დაგეგმარება იმას გულისხმობს, რომ თუ შემცირდება კონკრეტულ მუშა ხელზე მოთხოვნა და საჭიროება, ეს აუცილებლად სადღაც გამოათავისუფლებს ფულს. ეს ულიც უნდა წავიდეს ბუნებრივია სხვა ტიპის ინვესტიციაში. რომელმაც თავის მხრივ შემცირებულ მუშა ხელზე უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. რაც უფრო მეტად ვითარდება ეკონომიკა, ანუ რაც უფრო მეტად გაიზრდება ინვესტიცია, მით უფრო მეტად გაიზრდება ეკონომიკაც და გაჩნდება სამუშაო ადგილები. მზად უნდა ვიყოთ, რა კვალიფიკაციისა ადამიანები დაგვჭირდება. საჭიროა მათი დროული გადამზადება, აუცილებელია ხდებოდეს სწორი საინფორმაციო კამპანია ახალგაზრდებში. განსაკუთრებით აბიტურიენტებში რა ტიპის სამუშაო ადგილები იქნება სამომავლოდ ქვეყანაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ბიზნესისთვის სამუშაო ადგილებს შეამცირებს, გაზრდის წარმადობას, გაზრდის მოგებას, ეს მოგება გამოიწვევს ახალი ტიპის სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ იყოს ისეთი საინვესტიციო გარემო, როდესაც მიღებული და მოგებულ თანხას კვლავ სხვა ტიპის ინვესტიციაში განახორციელებენ და სხვა ტიპის სამუშაო ადგილები გაჩნდება და რაც მთავარია ეს სამუშაო ადგილები როცა გაჩნდება უკვე უნდა იყოს მომზადებული გადამზადების კურსი იქნება, საუნივერსიტეტო დონეზე იქნება შერჩეული პროფესიები, თუ მიწოდებული იქნება სტუდენტებისთვის ინფორმაცია რა სამუშაო ადგილები იქნება უფრო მეტად ხელმისაწვდომი. ეს არის ერთიანი ჯაჭვი, რომელზედაც დგას მათ შორის ეკონომიკა“, - აღნიშნა გიორგაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826