თუ იქნება მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა, პროექტი განხორციელდება - მინისტრი „კამარა ჰესზე“
„კამარა ჰესის“ პროექტის განხორციელებისათვის მოსახლეობის მხარდაჭერა ესაჭიროება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, პროექტი დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება ენერგეტიკის განვითარებას მხარს უჭერს, მაგრამ ყველა პროექტი შეიძლება ვერ განხორციელდეს.
„შესაძლოა, ბევრი საკითხი გარკვეულ შემთხვევებში ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ გარემოსდაცვით მიზანშეწონილობაში სხვადასხვა ტიპის პრობლემა იყოს. რაც შეეხება „კამარა ჰესს“, როგორც ვიცი, დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა, ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, არის სოციალური საკითხები, კომპენსაციის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა ჰქონდეს, ამას მივესალმებით, თუმცა, ჰესი აშენდება თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება“,- თქვა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826