თუ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა კარგად განვითარებული არ არის, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვისას დისკომფორტს ვაწყდებით - გიორგი დოლიძე
მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა პირდაპირ ფრენებს, მაღალი კლასის სასტუმროებსა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას აქვს, - მიიჩნევს HSC Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძე. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს, თუმცა რეგიონებში, მათ შორის სვანეთსა და რაჭაში, მაღალი კლასის სასტუმროების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.
„მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას გულისხმობს, პირდაპირ უკავშირდება მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები უკვე გადადგა. ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ფრენების დამატება, რაც უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია, როდესაც საუბარია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე. ადამიანი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა სურს და მზადაა, მგზავრობაში მეტი გადაიხადოს, არჩევანს პირდაპირ რეისზე აკეთებს, რადგან მისთვის 3, 4 ან 5-საათიანი ფრენა სრულიად მისაღებია. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ნაბიჯები მყარადაა გადადგმული და სფერო კიდევ უფრო ვითარდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოში სხვადასხვა წამყვანი, მაღალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფრენებსაც ვიხილავთ როგორც თბილისისა და ბათუმის, ისე ქუთაისის მიმართულებით. სასტუმროების ჭრილში, როგორც აღვნიშნეთ, უკვე გვაქვს მაღალი კლასის ბრენდები და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ეს სეგმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის სხვა ფაქტორებთან ერთად უმთავრესია. თუ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა კარგად განვითარებული და მოწყობილი არ არის, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვისას მაინც გარკვეულ დისკომფორტს ვაწყდებით. ამ კუთხით ძალიან კარგია, რომ თვიდან თვემდე და კვარტლიდან კვარტლამდე მცირდება, მაგალითად, თბილისიდან ბათუმში გადაადგილების დრო.
ასევე მისასალმებელია, რომ ყაზბეგის მიმართულებით, რაც მოგზაურებს განსაკუთრებით აინტერესებთ, უახლოეს მომავალში ახალი გვირაბი გაიხსნება. ეს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს ყაზბეგის მონახულებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.
მისივე განმარტებით, რაჭასა და სვანეთს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. გიორგი დოლიძის თქმით, შიდა ავიარეისების გაფართოება და რეგიონებში ახალი ბრენდული სასტუმროების გამოჩენა ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„სვანეთის ათვისება როგორც ზოგადი ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული განთავსების ობიექტების მიმართულებით ცალსახად შესაძლებელია. დღეს ამ რეგიონში მაღალი კლასის ობიექტების ნაკლებობაა. მსგავსი ვითარებაა რაჭაშიც, სადაც ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ არის გახსნილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების წყალობით, მგზავრობის დრო უკვე შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით არ გვყავს ის „პირველი მერცხალი“ - ბრენდული სასტუმრო, რომელიც ერთიორად გაზრდის დასაქმებას, რეგიონის პოპულარიზაციას და აამაღლებს სერვისის დონეს.
ლოკაციურადაც რომ შევხედოთ, სანამ სვანეთის მიმართულებით რეგულარული და ხშირი პირდაპირი ფრენები არ არის, ტურისტები ძირითადად სამარშრუტო ტაქსებითა თუ ავტომობილებით გადაადგილდებიან. მიუხედავად ამისა, ინტერესი იმდენად დიდია, რომ მოგზაურები ამ რეგიონს მაინც სტუმრობენ. გზის სირთულეს ვხედავთ თუშეთშიც, თუმცა ის ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის შესანიშნავი მიმართულებაა.
ჩემი აზრით, რაჭაც არანაკლებ მნიშვნელოვანი რეგიონია. ახალი გზის წყალობით, თბილისიდან რაჭაში ჩასვლა ფაქტობრივად ნახევარ დროშია შესაძლებელი. ახლა მთავარია, რა დახვდება ადამიანს ადგილზე და რით გაერთობა. შესაბამისად, ამ ორივე რეგიონის განვითარებისთვის ძირითადი საჭიროება სწორედ გასართობი სივრცეები და მაღალი კლასის განთავსების ობიექტებია“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.