TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის", - განცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი ბავშვების დიდ ინტერესს გაუსვა, რაზეც მისი თქმით, მეტყველებს ის, რომ ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე უკვე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.
„ძალიან საინტერესო კლასებია, როგორიცაა ფოტოგრაფიის, დიზაინის, რობოტიკის და სხვა მიმართულებები, მათ შორის მუსიკალური და ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ასეთ დიდ ინტერესს ბავშვების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ TUMO-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ განავითარონ მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართულებით. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - ჩვენ გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და მათ შორის შემოვიტანეთ სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც დაეხმარება, პირველ რიგში, იმერეთის რეგიონში მყოფ ბავშვებს და მოსწავლეებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის ახალგაზრდებს ციფრული, ტექნოლოგიური და კრეატიული მიმართულებებით განვითარებაში ეხმარება. ის საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც, ქუთაისის ტექნო ჰაბში.
სხვა სიახლეები
2026 წლის 8 სექტემბერს „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციაში“ შეტანილი
ცვლილებით, დღიური ბაზრის ფუნქციონირება შეჩერდება, ხოლო დღით-ადრე ბაზარი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას | Galt & Taggart
08.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.