თურქულმა „შიშეჯამ ჰოლდინგმა“ ქსნის მინის ქარხანაში 9.4 მილიონი ევროს ინვესტირება განახორციელა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია „შიშეჯამ ჰოლდინგის" წევრი სს „მინას" ახალი სახარში ღუმელის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„შიშეჯამის" მინის ტარის მწარმოებელ ქართულ საწარმოში 19.4 მილიონი ევროს ინვესტირებით, წარმატებით დასრულდა საწარმოს ერთ-ერთი ღუმელის განახლების პროცესი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ინვესტიციის განხორციელების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ჩართულობა, ხედვა და მხარდაჭერა.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით ახლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს და მისასალმებელია, რომ წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები სულ უფრო მზარდია.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ინვესტორთა წახალისების სხვადასხვა მექანიზმები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას.
„შიშეჯამი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც გლობალური მოთამაშეა მინის წარმოების ისეთ ბიზნესმიმართულებებში, როგორებიცაა: ბრტყელი მინა, მინის ჭურჭელი, მინის შეფუთვა, საავტომობილო მინა, მინის ბოჭკოვანა, ასევე სოდა და ქრომის ქიმიკატების მოპოვება. `შიშეჯამი` მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია.
სს „მინა"-ის შეძენა „შიშეჯამის" პირველი უცხოური ინვესტიციაა თურქეთის გარეთ, რომელიც მან 1997 წელს განახორციელა. საწარმო შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. 26 წლის განმავლობაში, რეგიონალური და მსოფლიო კრიზისების ფონზე სს "მინა", „შიშეჯამ ჰოლდინგის" მხარდაჭერით, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. საწარმოში 240 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებიდან. გარდა ამისა, სს „მინას" მუდმივად ემსახურება 100-ზე მეტი ადამიანია პერიოდულ სამუშაოებზე.
წარმოების პროცესში სს „მინა" ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულ ნედლეულსა და მასალებს იყენებს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი საწარმოების განვითარებას.
კომპანია საერთაშორისო მასშტაბის ოპერირებითა და თავისი 88 წლიანი გამოცდილებით 24,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მისი საწარმოო საქმიანობა მოიცავს 14 ქვეყანას ოთხ კონტინენტზე 45 ფილიალით და გაყიდვებს 150 ქვეყანაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826