თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო ელექტროენერგიის იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაცია ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აპრილი 2026” აქვეყნებს.
,,ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც აპრილში თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა.
2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25 წლების აპრილის საშუალო 6.0%-თან შედარებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.
Galt & Taggart - გალტ & თაგარტის შეფასებით, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას კვლავ აჩვენებს.
,,2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და
ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის დონეს უკავშირდებოდა. ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. მთლიანობაში, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტომაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.
,,2026 წლის აპრილში ჰიდროგენერაცია წლიურად 19.3%-ით შემცირდა, სუსტი ჰიდროლოგიის გამო, და ჯამური მიწოდების 78% შეადგინა. შედარებისთვის, 2021-24 წლებში აპრილში ჰიდრო საშუალოდ მიწოდების 93%-ს აკმაყოფილებდა. წელს დაგვიანებულმა დათბობამ თოვლის დნობა შეაფერხა, რის გამოც წყლის დონე მხოლოდ აპრილის ბოლოს გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში მაღალი ჰიდროგენერაცია აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდებოდა. შედეგად, აპრილისთვის უჩვეულოდ გაიზარდა
თბოსადგურებისა (ჯამური მიწოდების 16.5%) და იმპორტის (ჯამური მიწოდების 4.3%) საჭიროება. აპრილის თვეში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.2026 წლის აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 51 გვტ.სთ შეადგინა (ჯამური მიწოდების 4.3%), თუმცა აქედან კომერციული იმპორტი მხოლოდ ნახევარი, თურქეთიდან შემოტანილი 24.8 გვტ.სთ იყო. დანარჩენი მოცულობიდან 9 გვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა აფხაზეთის რეგიონისთვის, ხოლო აზერბაიჯანთან 17 გვტ.სთ იმპორტი სრულად დაბალანსდა იმავე მოცულობისა და ღირებულების ექსპორტით.
აზერბაიჯანთან დღის ჭრილშიც იდენტური მოცულობების იმპორტი და ექსპორტი მიუთითებს, რომ ეს ტრანზაქციები კომერციული ვაჭრობა არ ყოფილა და სინქრონული მუშაობის ტექნიკურ საჭიროებებს უკავშირდებოდა. თურქეთიდან იმპორტი 16-22 აპრილს, თბოსადგურების გაჩერების პერიოდში განხორციელდა. მისი ღირებულება 0.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, თებერვლის გარდა, თურქეთიდან იმპორტი ყველა თვეში განხორციელდა,
რაც თურქეთის ბაზარზე ისტორიულად დაბალ ფასებს უკავშირდება. ფასების შემცირება, თავის მხრივ, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გაზრდილ განახლებად გენერაციას უკავშირდებოდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
27.05.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1095 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6716 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6716 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1095 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029
ლარი შეადგინა.