„უდაბნო“ და „ნათს ინქორფორეითიდი“ ნუშის ბაზარზე უდიდესი მოთამაშეები არიან - როგორია ქვეყანაში ნუშის მოსავალი
არსებული ნარგავი ფართობი, ჩვენი შეფასებით, 2030 წლისთვის, დაახლოებით 4,800 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუშის მოსავლის მიღების შესაძლებლობას აჩენს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული. ირკვევა, რომ საქართველოში სტაბილურად იმატებს ნუშის წარმოება და ამასვე მიუყვება მოთხოვნა. ამასთან, მოხმარების 61%-ს ადგილობრივი წარმოება აკმაყოფილებს. გარდა ამისა, საქართველო ასევე ნუშის ექსპორტს ახორციელებს, რომლის 90%-ზე მეტი რე-ექსპორტია.
ნუში საქართველოსთვის ახალი პროდუქტია. პროდუქტის წარმოება ქვეყანაში გავრცელდა სახელმწიფო დაფინანსების შედეგად.
„მთლიანობაში ნუშის დაახლოებით 7,500 ჰექტარია გაშენებული. ნუშის ნარგავი ფართობის ნახევარზე მეტს, 4,302 ჰექტარს მცირე ზომის, 15 ჰექტრამდე ფართობის ბაღები მოიცავს. ამ ნერგებს ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. გაშენებული ბაღები ძირითადად არის ინტენსიური სახის. ნუშის ბაზარზე უდიდესი მოთამაშეები არიან კომპანია „უდაბნო“ 2,300 ჰექტრით და „ნათს ინქორფორეითიდი“ 800 ჰექტრით.
2023 წლისთვის საქართველოში ნუშის საშუალო ნაჭუჭიანი მოსავლიანობა ჰექტარზე 0.52 ტონა იყო. შესადარისად, 2022 წელს მსოფლიოში ნუშის საშუალო მოსავლიანობა იყო 1.54 ტონა ჰექტარზე. საქართველოს დაბალი მოსავლიანობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ნერგების უმრავლესობა ახალია და ჯერ არ შესულა სრულ მსხმოიარობაში. ჩვენი შეფასებით, საქართველოში ნუშის ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლისას ქვეყნის საშუალო მოსავლიანობა დაახლოებით 2 ტონა ჰექტარზე გახდება. ამასთან, საქართველოში ნუშის მოსავლიანობა ჰექტარზე 0.5-5.0 ტონამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია მოვლაზე, კლიმატზე და მრავალ სხვა ფაქტორზე.
ნუშის იმპორტი სტაბილურად იზრდება. იმპორტირებული ნუშის უმეტესობა ნაჭუჭგაცლილია. საქართველოში ნუშის საიმპორტო ფასები იკლებს, რაც მიუყვება საერთაშორისო ტრენდებს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
ნუშის ექსპორტის მატება მიუყვება იმპორტის მატებას, რადგან ექსპორტის 90%-ზე მეტი რე-ექსპორტია. საქართველოს ნუშის ექსპორტის 83.2% ყაზახეთში, სომხეთში და უზბეკეთში გააქვს
საქართველოში ნუშის ახალი ბაღების გაშენება კლებულობს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ნერგების 96.2% გაშენებულია ქართლსა და კახეთში. მოსავლიანობა საშუალოდ 0.5-5 ტონამდეა და სრული მსხმოიარობის პერიოდი ტრადიციული ბაღისთვის - 8 წელია, ინტენსიურისთვის - 7 წელი, სუპერინტენსიურისთვის - 6 წელი.
მსოფლიო ნუშის წარმოება იზრდებოდა 2016-20 წლებში, ძირითადად აშშ-ს წარმოების მატებით, რომელიც შემდგომში შემცირდა. ეს კლება უკავშირდება ცუდ კლიმატს და ნარგავი ფართობის კლებას. აშშ-ს მსოფლიო ნუშის წარმოების 75.9% მოჰყავს. ეს წარმოება ძირითადად კალიფორნიის შტატშია, სადაც წყლის მნიშვნელოვანი ნაკლებობაა. ნერგები საჭიროებს ირიგაციას, რაც მაღალ ხარჯებს უკავშირდება. ნუშის ფასის კლების გამო მწარმოებლებს აღარ უღირთ წარმოება და ნარგავმა ფართობმა იკლო.
მსოფლიოში ნუშის ექსპორტის ღირებულება 2017-22 წლებში სტაბილურია, მაგრამ რაოდენობრივად ექსპორტი გაზრდილია. 2017 წელთან შედარებით, ნაჭუჭიანი ნუშის საექსპორტო ფასი საგრძნობლადაა დაკლებული, 22.0%-ით, რაც გამოწვეულია ჭარბი მიწოდებით. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ნუშის ნერგების სრულ მსხმოიარობაში შესვლის პერიოდი 6-8 წელია. ნუშის ნარგავი ფართობი 2011-22-ში თითქმის გაორმაგდა. როდესაც ნარგავი ფართობის დიდი ნაწილი სრულ მსხმოიარობაში შევიდა, მიწოდებამ მოთხოვნას გაასწრო.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
28.07.2026.11:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
კერძოდ, მინისტრები გაეცნენ ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს იქნება ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და ზოგადად ტრანსპორტის სექტორისთვის.
„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3.6 კილომეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სრულად დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვასრულებთ შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
„რამდენადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია გეგმა-გრაფიკთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ იმისთვის, რომ პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მივიღოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრებმა დაათვალიერეს აეროპორტის სივრცეში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, მგზავრთა კომფორტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ორი ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და Fast Track - ი.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია იმ დიდ განვითარების გეგმასთან, რომელიც მთავრობას ზოგადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით აქვს.
მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტს უდიდესი ღირებულება ექნება ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო სექტორის განვითარებისთვის.
ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მინისტრებს ინფორმაცია, მინისტრის მოადფილე თამარ იოსელიანმა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მიაწოდეს.