უძრავი ქონების გაყიდვები ნოემბერში
2023 წლის ნოემბერში თბილისში 3,300 ბინა გაიყიდა, რაც თვიურად 0.8%-იანი, წლიურადკი 14.9% კლებაა. გაყიდვების წლიური კლება წინა წლის მაღალი ბაზის შედეგია. ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით ბინების გაყიდვებმა პირველად ბაზარზე იკლო (-6.1% წ/წ), ხოლო, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 21.4%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდება.
თბილისში 2023 წლის ნოემბერში, ბინების უმეტესი ნაწილი საბურთალოსა და გარეუბნებში გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში საბურთალოზე სულ 526 ბინა გაიყიდა, რაც ჯამური გაყიდვების 15.9%-ია. რაც შეეხება გარეუბნებს, დიდ დიღომში, გლდანსა და სამგორში სულ 1,417 ბინა გაიყიდა 2023 წლის ნოემბერში, რაც ჯამური გაყიდვების 42.9%-ია. გარეუბნებში მაღალი მოთხოვნა ერთის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასებია, ხოლო მეორეს მხრივ იმით, რომ დეველოპერული პროექტების უდიდესი ნაწილი სწორედ დიდ დიღომში, სამგორსა და გლდანში ხორციელდება.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა: გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) წილი კვლავ ყველაზე მაღალია (51.1%), მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. ასევე, საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც მზარდი ფასებით არის გამოწვეული.
უძრავი ქონების ფასი და ქირა
2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, პირველადი ბაზრის ფასები მცირედით, 0.8%-ით გაიზარდა. უძრავი ქონების ფასები თბილისის რაიონების მიხედვით US$ 900-დან US$ 2,500-მდე მერყეობს. 2021-23 წლებში ფასები თბილისის ყველა რაიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია რომ მინიმალური შენაძენის ფასი დაახლოებით 900 დოლარია, მაშინ როცა 2 წლის წინ იგივე რიცხვი, დაახლოებით, 600 დოლარს შეადგენდა.
2023 წლის ნოემბერში თბილისში ბინის (50-60 მ2) ქირის საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 11.4 აშშ დოლარი შეადგინა (+6.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტიდან (პიკური პერიოდი), დღემდე ქირა 5.4%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ქირის ეტაპობრივი შემცირება უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
სამშენებლო ნებართვები
2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისნის რაიონებში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ზრდა უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში გაცემული ნებართვების ზრდას უკავშირდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826