უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელსაც მევენახეები და მეღვინეები სახელმწიფოს მხრიდან იღებენ - ოთარ შამუგია
„ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში, მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან. 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, სახელმწიფო, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 15 მლნ ლარს ხარჯავს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულ ბაზრებზე. მეწარმეებს სახელმწიფო ეხმარება მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაში; შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან 103 მლნ ლიტრის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთველი 2023 წლის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826