USAID-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო ექსპერტებს რეგიონებში უმასპინძლა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განახლებადი ენერგეტიკის სექტორში უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში, უმსხვილესი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის TATA Power Company ექსპერტები სტუმრობდნენ.
ვიზიტი 29 იანვრიდან 23 თებერვლამდე გაგრძელდა და მისი მიზანი ჰიდროენერგეტიკის სექტორში საკადრო და უნარების საჭიროებების დეტალური შესწავლა იყო.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა შედგა, მიზნად ისახავს ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორების მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამის შემუშავებას და დანერგავს საქართველოს ექვს რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები პროექტის გუნდთან ერთად ადგილზე ეწვიენ რეგიონებს და შეისწავლეს საჭიროებები შუახევის ჰესზე ზემო აჭარაში, საშუალა 2 და საშუალა 3 ჰესებზე გურიაში, ლახამის ჰესზე და მესტიაჭალა 2-ზე სვანეთში, დარიალის ჰესზე, და დებედას ჰესზე ქვემო ქართლში. შეხვედრები ასევე გაიმართა პროექტის მონაწილე კოლეჯებში: ჰორიზონტი (ოზურეგთი), ბლექსი (შუახევი), თეთნულდი (მესტია), ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი (სტეფანწმინდა), და მოდუსი (მარნეული).
ჰესებსა და კოლეჯებში მიღებული ინფორმაციისა და გადაცემული მასალების საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ ჰესების ოპერატორის მოსამზადებელ ტრენინგ პროგრამას, რომლის შემდგომი განხილვა და ვალიდაცია პროექტის მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან მოხდება. საბოლოოდ, ტრენინგ პროგრამა დაინერგება პროექტის მონაწილე კოლეჯებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA) და პროფესიული უნარების სააგენტო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826