უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე 500 ტ ლურჯი მოცვი გავა - მიხეილ ხიდურელი
უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტ ლურჯი მოცვი გავა. პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ.
სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოხდა უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ლურჯი მოცვის ექსპორტის განხორციელება, ჯამში, დაახლოებით 500 ტონის, რომლის ნაწილიც უკვე გავიდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე.
მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა გაგრძელდება სხვა მიმართულებებითაც. „ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა სურთ, შეუძლიათ, მოგვმართონ. ეს არის კარგი შესაძლებლობა, მოიძიონ სტრატეგიული პარტნიორი და ხელსაყრელი კონტრაქტიც გააფორმონ. ვფიქრობ, ასეთი კონკრეტული, წერტილოვანი ჩართულობებით შესაძლებელია სერიოზული შედეგის მიღწევა ქვეყნის ექსპორტის სტატისტიკაში," - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი კომპანიები განახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას სხვადასხვა ქსელებისათვის ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ბაზრებზე.
რაც შეეხება პროგრამას, ის მიზნად ისახავს პოტენციური შემსყიდველების იდენტიფიცირებას და ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირებას. 2022 – 23 წლებში სააგენტო თანამშრომლობდა ადგილობრივ აგროსექტორთან, 2024 წლიდან კი მისი სამიზნე სექტორებია: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826