უცხოელმა შემსყიდველებმა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი ექსპორტიორი საწარმოები დაათვალიერეს
|
უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ე.წ. ბაიერები ესტუმრნენ. ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამას „აწარმოე საქართველოში" USAID-ის მხარდაჭერითა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ის ჩართულობით ახორციელებს. „საქართველოში ვმასპინძლობთ შემსყიდველებს ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავად მოინახულებენ საწარმოებს და ნახავენ რა შესაძლებლობები აქვთ ქართულ კომპანიებს ექსპორტის მიმართულებით. პროგრამა პირველად ხორციელდება ამ ფორმატში და იმედი გვაქვს, ქართულ კომპანიებთან სხვადასხვა შეთანხმების მიღწევა მოხდება, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი საბოლოო მიზანია, მეტი ექსპორტის წახალისება საქართველოდან" - განაცხადა „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა. „პროგრამის განხორციელების პროცესში, USAID-ის მხარდაჭერით ჩვენი საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ პარტნიორობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში". ვეხმარებით 50 ქართულ კომპანიას, რომლებსაც საექსპორტო კავშირებისა და ბაზრების გაფართოვება სურთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაიგონ რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ ბაზრებზე, დაუკავშირდნენ შემსყიდველებს სხვადასხვა ქვეყნიდან. თბილისში სამდღიანი ვიზიტით ვიმყოფებით საერთაშორისო შემსყიდველებთან ერთად, რომლებიც დაათვალიერებენ ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების საწარმოებს, შეხვდებიან და გაესაუბრებიან მათ წარმომადგენლებს. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას ქართულ კომპანიებსა და საერთაშორისო შემსყიდველებს შორის, რაც თავის მხრივ დაეხმარება კომპანიებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასა და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში" - განაცხადა OCO Global -ის მთავარმა კონსულტანტმა ელენა მოლინარიმ. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა „ბაიერებმა" 20-მდე ექსპორტიორი საწარმო მოინახულეს საფეიქრო ინდუსტრიის, შესაფუთი მასალებისა და სათამაშოების სექტორიდან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე უცხოელმა შემსყიდველებმა კომპანიებისგან მიიღეს ინფორმაცია სამუშაო პროცესისა და საწარმოო სიმძლავრეების შესახებ. ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს ახალი უცხოური ბაზრების ათვისებაში. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება და მასში 50 ქართული კომპანია მონაწილეობს. სხვადასხვა ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში შემუშავდა თითოეულ საწარმოზე მორგებული მარკეტინგული გეგმა, ვორკშოფები პროგრამის მონაწილეებისთვის და საერთაშორისო შემსყიდველებთან პირდაპირი კავშირების დამყარების სხვა შესაძლებლობები. პროგრამის მონაწილე კომპანიებმა უკვე ისარგებლეს სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისი შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს უწყობს მათ სწორად პოზიციონირდნენ და გაზარდონ გაყიდვები საერთაშორისო ბაზრებზე. |
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826