უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია - ლევან დავითაშვილი
„უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში. ლევან დავითაშვილთან ერთად უზბეკეთში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის," სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის" და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტაშკენტში გამართულ შეხვედრებში აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.
უზბეკ კოლეგასთან საუბრისას ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ვიცე-პრემიერის თქმით, ამ დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826