უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას - თამარ იოსელიანი
„ეტაპობრივად შევისწავლით და დავნერგავთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ უკვე დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეგვემუშავებინა. სწორედ ამიტომ აღნიშნული დოკუმენტი გაეროს რეკომენდაციებს დაეფუძნა. ჩვენ ეტაპობრივად შევისწავლით და დავნერგავთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას, მათ შორის უსაფრთხოების ბალიშის, ღვედების და სხვა მნიშვნელოვანი სისტემების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ზოგადად საგზაო უსაფრთხოების წესრიგის განვითარებას ქვეყანაში და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევით გამოწვეული რისკი", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826