ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ შრომის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება და გაძლიერდება
უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა 2024 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმების დონის მიმართულებით.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 50.6 ათასით შემცირდა და უმუშევართა რაოდენობის მინიმუმი - 228.6 ათასი დაფიქსირდა.
„ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შრომის ბაზარზეც პოზიტიურად აისახა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8 პროცენტს გაუტოლდა. შედეგად, შრომის ბაზარზეც მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, დასაქმება იზრდება როგორც დასაქმებულთა, ისე თვითდასაქმებულთა ჯგუფში.
„სახეზე გვაქვს შრომის ბაზრის ჯანსაღი ტენდენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმებულთა რაოდენობის უფრო მაღალი ზრდა. ჩვენი მოლოდინია, რომ შრომის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება და 2024 წელი ამ მიმართულებით იქნება ახალი რეკორდული მაჩვენებლების წელი. ამისთვის საქართველოს მთავრობა არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდეს არა მხოლოდ შრომის ბაზარზე, არამედ ეკონომიკის ყველა მიმართულებით და გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826