ვართ მოწმე, თუ როგორ გარდაიქმნა საწყისი ინიციატივები სრულმასშტაბიან პროექტებად - გენადი არველაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხუთწლიანი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 5.1 მლნ ევროს ღირებულების პროგრამა 2019 – 23 წლებში ხორციელდებოდა და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია გამყარებულია იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით.
უშუალოდ პროგრამაზე საუბრისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო.
„ჩვენ ვართ იმის მოწმე, თუ როგორ გარდაიქმნა საწყისი ინიციატივები სრულმასშტაბიან პროექტებად კონკრეტული სექტორებისთვის, რაც რეალურად ეხმარება კომპანიებს, მიიღონ აღიარება სხვადასხვა პარტნიორების მხრიდან. ამ პროგრამის ჩვენ გავაანალიზეთ 55-ზე მეტი კლასტერული მიმართულება და დავიწყეთ კლასტერული განვითარება შეფუთვის დიზაინის კუთხით, ნარგავების, ბიოფარმაცევტიკის და საზღვაო თევზჭერის სექტორებში; ასევე უზრუნველვყავით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ტრეინინგების, სახელმძღვანელოებისა და გრანტების მიმართულებით," - განაცხადა გენადი არველაძემ.
„ჩვენ დავინახეთ სწრაფი და უფრო ძლიერი გამოჯანსაღება კლასტერის წევრებისა პოსტ-პანდემიურ პერიოდში. გაიზარდა კლასტერის წევრთა რაოდენობა, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი შერჩეულ სექტორებში, რაც მიუთითებს კლასტერული მიდგომის პოზიტიური შედეგებისკენ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძის განცხადებით, ევროკავშირისა და GIZ-ის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კლასტერული განვითარების პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ქვეყანაში კლასტერული განვითარების შესაძლებლობათა ფართო ხედვას და ასევე, ხაზს უსვამს, რომ კლასტერები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს უკეთესი თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისა და კონკურენციისთვის კერძო სექტორში.
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826