ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს - არჩილ გაჩეჩილაძე
Lion Finance Group-ი პირველი კვარტლის შედეგებს აჯამებს, რომელიც ჯგუფმა ისტორიული შედეგებით ასრულებს.
,,ეს კვარტალი ჯგუფისთვის ისტორიული მოვლენით აღინიშნა - FTSE 100 ინდექსში ჩვენი შეყვანით, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრული და წარმატებული საქმიანობის აღიარებაა. ამ პერიოდში ჩვენ შევქმენით მაღალმომგებიანი რეგიონული საბანკო პლატფორმა, საერთო აქტივები ორმოცდაათჯერ გავზარდეთ, გავაღრმავეთ ურთიერთობები მომხმარებლებთან, გავაძლიერეთ ციფრული შესაძლებლობები და წამყვანი პოზიციები დავიმკვიდრეთ ბაზარზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძლიერი შედეგების ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა”, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არჩილ გაჩეჩილაძე ზოგად ეკონომიკურ გარემოსაც აფასებს საქართველოსა და სომხეთში.
,,2026 წლის დასაწყისში საქართველოში და სომხეთში მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ძლიერი იყო, რასაც მხარს უჭერდა მყარი შიდა მოთხოვნა და სტაბილური საგარეო შემოდინებები. ორივე ეკონომიკის მდგრადობისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გავზარდეთ - საქართველოში 7.0%-მდე, ხოლო სომხეთში 6.0%-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ნეგატიური გავლენა მოახდინოს ენერგეტიკული ბაზრების მერყეობისა და გაზრდილი ინფლაციის გზით, ორივე ქვეყანა კვლავ მყარ პოზიციაში რჩება, რასაც ხელს უწყობს მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ფრთხილი ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული მართვა. ამასთან, კონფლიქტის ხანგრძლივმა გაგრძელებამ შესაძლოა დამატებითი სარგებელიც მოიტანოს შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდისა და კაპიტალისა და ტურისტული ნაკადების გადანაწილების ფონზე”, - ამბობს Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არჩილ გაჩეჩილაძისა და ჯგუფის მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოსალოდნელია ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რაც განპირობებული იქნება ინფლაციური რისკებით.
,,საქართველოში ელექტროენერგიის ფასის მერყეობსა და შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური ზეწოლის ფონზე, ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
ჯგუფის CEO ასევე საუბრობს იმ შესაძლებლობებსა და პოტენციალზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე არსებობს. აღნიშნავს, რომ მომხმარებლები და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნა ჯგუფისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.
,,ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გადაწყვეტების ტესტირებასა და დანერგვას, მათ შორის პერსონალიზებული პროდუქტის რეკომენდაციებისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და ოპერაციული ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივების ფინანსური ეფექტის ზუსტი შეფასება ჯერ ნაადრევია, ჩვენი ფოკუსი მიმართულია ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც რეალურ ღირებულებას შექმნის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.
სომხეთში Ameriabank-მა გააგრძელა საკუთარი ძლიერი საბაზრო პოზიციების გამყარება და საცალო ბანკინგის მიმართულებით სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება. ბანკმა კვარტლის განმავლობაში მდგრადი ზრდა შეინარჩუნა.
საქართველო და სომხეთი კვლავ რჩებიან რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებად, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ რეპუტაციას, როგორც სტაბილური, ბიზნესზე ორიენტირებული ბაზრებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და სერვისების განვითარებადი რეგიონული ჰაბების. ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და ფრთხილი მაკროეკონომიკური მართვა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ზრდისთვის, განსაკუთრებით რეგიონული კავშირების გაძლიერების პირობებში. ორივე ბაზარზე ჩვენი ძლიერი პოზიციები და მომხმარებელთა მაღალი ერთგულება გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვისარგებლოთ მათი ეკონომიკური გაფართოების პოტენციალით", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
სხვა სიახლეები
ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
27.10.2026.21:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „საბანკო დიალოგი: საქართველოს საბანკო სექტორი - ლიდერობა, სტრატეგია და გზა 2027 წლისკენ“ მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მთავარი თემები საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა იყო.
პანელურ დისკუსიას წინ უძღოდა ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, იანგ ჯუნის, მოხსენება საბანკო სისტემის, გადახდებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციების შესახებ.
ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს საბანკო სექტორის წარმატების ძირითად ფაქტორებად ძლიერი საზედამხედველო ჩარჩო, ჯანსაღი ფინანსური მაჩვენებლები და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი დაასახელა. მისი შეფასებით, მომდევნო ათწლეულში სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ინოვაციების დანერგვა და რისკების ეფექტიანი მართვა.
პანელზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საბანკო სექტორის რეგიონული გაფართოების შესაძლებლობებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული საქმიანობა მოითხოვს ჯგუფის დონეზე რისკების მართვის გაძლიერებას, სხვადასხვა იურისდიქციის მარეგულირებელ მოთხოვნებთან ადაპტაციასა და მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარებას.
დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მისი გავლენა საბანკო სექტორზე იყო. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტიანობა, რისკების მართვა და მომხმარებელთა მომსახურება. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას.
„ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სექტორს ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების, რისკების მართვის გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლიან ინოვაციებს და შევქმნათ ისეთი მარეგულირებელი გარემო, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და მომხმარებელთა ნდობა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა პასუხისმგებლიანი ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, ფინანსურმა ინსტიტუტებმა ახალი ტექნოლოგიები შესაბამისი მმართველობითი ჩარჩოსა და რისკების მართვის მექანიზმების გათვალისწინებით დანერგონ. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბანკო სექტორთან თანამშრომლობას, ხარისხიანი მონაცემების გამოყენებასა და მარეგულირებელთან დროულ დიალოგს.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე, "სილქ ბანკის" გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი და „ლიბერთის“ ფინანსური დირექტორი, „ბაზისბანკის ჯგუფის“ წარმომადგენელი ვახტანგ ბაბუნაშვილი. დისკუსიის მოდერატორი იყო Global Finance & Technology Network-ის (GFTN) შვილობილი ორგანიზაციის, GFTN Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი მაჰა ელ დიმაჩკი.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ 27-28 ოქტომბერს იმართება და ფინანსური სექტორის, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სამიტის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების, რეგიონული თანამშრომლობისა და ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური საკითხების განხილვა.