ველოდებით, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერით გამოშვებული ბონდების მოცულობა 10 მილიარდ ლარს გასცდება - ირაკლი გაბრიაძე
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის განმარტებით, კორპორაცია კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით საინვესტიციო ფონდებისა და კორპორაციული ობლიგაციების მხარდაჭერაზე გააკეთებს აქცენტს. მისი თქმით, კორპორაცია თავადაც იქნება საინვესტიციო ფონდების ინვესტორი და გეგმავს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში წილობრივი თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული ფონდების აქტივების მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს. ამასთან, გაბრიაძის განცხადებით, კორპორაციის მხარდაჭერით გამოშვებული ობლიგაციების მოცულობამ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში 10 მილიარდ ლარს უნდა გადააჭარბოს.
„როგორც აღვნიშნე, სამი ძირითადი მიმართულება - ეს არის კაპიტალის ბაზრების განვითარება, ეს არის ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება, ეს არის ახალი სასესხო ინსტრუმენტების მხარდაჭერა, რომელიც გვინდა, რომ შევთავაზოთ ბაზარს.
რაც შეეხება კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის მიმართულებას - ეს არის ფონდების მხარდაჭერა და საინვესტიციო ფონდებს სააგენტო მხარს დაუჭერს იმით, რომ ჩვენ ვიქნებით ინვესტორები. და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმა გვაქვს, რომ 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს საინვესტიციო ფონდების აქტივების რაოდენობა. 1 მილიარდ ლარამდე ზრდა საინვესტიციო ფონდების. ოღონდ ისეთი ფონდების, რომლებიც კომპანიების წილ კომპანიებში წილობრივი მონაწილეობით შევლენ, წილობრივი თანამონაწილეობით და არა სასესხო ინსტრუმენტებით. ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, თუმცა საკმაოდ რეალისტურად გვესახება.
ასევე უნდა ვახსენოთ, რადგან კაპიტალის ბაზარს ვახსენებთ, ბონდების მიმართულებით, ანუ კორპორაციის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და აქაც ველოდებით, რომ 10 მილიარდ ლარს გასცდება ჩვენი მხარდაჭერით გამოშვებული ბონდების მოცულობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
სხვა სიახლეები
ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური - ირაკლი ნადარეიშვილი
20.10.2026.20:56
მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.
პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.