ველოდებით, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფაქტორინგის საერთო მოცულობა 10 მილიარდ ლარს მიაღწევს - ირაკლი გაბრიაძე
„ველოდებით, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფაქტორინგის საერთო მოცულობა 10 მილიარდ ლარს მიაღწევს. ფაქტორინგის ბაზრის ზრდის პოტენციალი საქართველოში საკმაოდ დიდია, ჩვენი მიზანია, ეს პოტენციალი სრულფასოვან და კონკურენტულ ბაზრად ვაქციოთ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაზე.
ღონისძიება Financing the Future of Trade: Factoring & Supply Chain Finance კორპორაციამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფაქტორინგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე, სექტორის ხელშემწყობი მარეგულირებელი, ფინანსური და ტექნოლოგიური მექანიზმები.
„ფაქტორინგის განვითარება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი ამოცანაა, ქართულ ბიზნესს დაფინანსების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. ფაქტორინგი, საინვესტიციო ფონდებთან და კაპიტალის ბაზართან ერთად, მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიებს განვითარების, გაფართოებისა და ზრდის შესაძლებლობებს მისცემს", - აღნიშნა კორპორაციის დირექტორმა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, FCI-ის რეგიონულმა დირექტორმა სპიროს ცოლისმა და IFC-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა შაბანა კაჰვარმა.
სხვა სიახლეები
2025 წელს მენეჯერების პოზიციაზე საშუალო თვიური ხელფასი ₾3 609 ლარი იყო | საქსტატი
30.10.2026.21:10
2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე - 1 132 ლარი.
სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.
2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% - სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).
საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7 პროცენტით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს.