ვფიქრობ, კომპეტენცია არ მაკლია, დაველოდოთ პარლამენტს - გიორგი ბაქრაძე
ეროვნული ბანკის საბჭოს მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა მისთვის დიდი პატივია.
„ბუნებრივია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პატივია. ახლა უნდა დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ ამირჩიეს, ეროვნული ბანკის საბჭოს ღირსეული წევრი ვიქნები. ვფიქრობ, კომპეტენცია არ მაკლია, რადგან თავის დროზე ამ ვაკანტურ ადგილზე განცხადება შევიტანე“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
Business Insider Georgia-ამ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთ კანდიდატს დიმიტრი ჯაფარიძეს დაუკავშირდა,თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ამასთან Business Insider Georgia დამატებითი კომენტარის მოპოვებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც შეეცადა, კერძოდ გაიმართა თუ არა კონსულტაციები ამ კანდიდატებზე მთავრობასთან? პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაციის გარდა დამატებით კითხვებს არ უპასუხებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა. კანდიდატურებს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826