ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით - ევა ბოჭორიშვილი
ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეს შენელება შეეხება ძირითადად საინვესტიციო აქტივობას.
„თუ გახსოვთ Galt & Taggart-ს წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2 სცენარი ჰქონდა. ეს იყო საბაზისო 6%-იან სცენარი და ასევე ოპტიმისტური სცენარი, სადაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ საინვესტიციო აქტივობა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ეს ჩვენი საბაზისო სცენარით იყო განსაზღვრული. ამ ეტაპზე რასაც ვუყურებთ პირველ ოთხ თვეში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია აპრილის თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ანუ გადასახადების აკრეფის დინამიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ მაისიც საკმაოდ ძლიერია და ჩვენი პროგნოზით მაისში 8%-ი უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდა. ფაქტია, რომ წლის პირველი ნახევარი არის ძალიან ძლიერი. შესაბამისად ამ გაურკვევლობის ფონზე, რაც ამ ეტაპზეა, ჩვენ საბაზისო სცენარს არ გადავხედეთ. ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში 6%-იანი ზრდა შენარჩუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში გარკვეულ შენელებას ველით. ძირითადად ეს ეხება საინვესტიციო აქტივობას. ვინაიდან ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება, სამომხმარებლო ხარჯები ძლიერი დარჩება და მოხმარება იქნება ზრდის მნიშვნელოვანი წარმმართველი“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826