ვინ არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და როგორია ექსპორტ-იმპორტის დინამიკა
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარმაისში, 3 884.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 078.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 254.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 004.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (691.6 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.6 მლნ. აშშ დოლარით (4.6 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 967.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 513.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 265.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი).
სხვა სიახლეები
ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - თამარ იოსელიანი
08.07.2026.18:56
„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.
„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.