ვინ გეგმავს საქართველოში EBRD-ის $19.6 მილიონის დაფინანსებით მზის ელექტროსადგურის აშენებას - Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს.
აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.
პროექტის შესახებ Business Insider Georgia ექსკლუზიურად ნინო მჭედლიშვილს, საინვესტიციო კომპანია „ფერი“ ჯგუფში შემავალი კომპანიების („ალაზნის მზისა“ და „კახეთის მზის“) დირექტორს ესაუბრა.
,,ქვეყნისთვის ნებისმიერი მოზიდული ინვესტიცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ინვესტიციებია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ იაფი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები, კომპანიაში დავნერგოთ ევროპული სტანდარტები და სრულად დავაკმაყოფილოთ EBRD-ის მოთხოვნები. შედეგად, ვგეგმვთ რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხით განხორციელდეს როგორც დაგეგმვის ეტაპზე, ისე მშენებლობისა და შემდგომი ოპერირების პროცესშიც.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40.6 მეგავატის სიმძლავრეზეა საუბარი, რაც წარმოადგენს საშუალო სიმძლავრეს და ერთ-ერთი პირველი ელექტროსადგური იქნება ,,Utility-Scale Greed”-ზე (ერთ-ერთი პირველი ქსელზე დაერთებული კომერციული სადგური) დაერთებული. რა თქმა უნდა დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის და კარგია ზოგადად ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, პროექტის არა-ტექნიკური რეზიუმის თანახმად, ველი შპს არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ავითარებს, ფლობს და ახორციელებს მზის ელექტროსადგურების (მზის ელექტროსადგური) ექსპლუატაციას. ამჟამად ველი-ს საკუთრებაშია 5 მზის ელექტროსადგური (საერთო დადგმული სიმძლავრე: 12 მვტ), რომლებიც 2025 წლის სექტემბერში გადაეცა ექსპლუატაციაში, და კომპანია კიდევ 5-ს ავითარებს, სულ 12 მზის ელექტროსადგურის პორტფელის ფორმირების მიზნით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) განიხილავს ამ პორტფელის დაფინანსებას. მზის ელექტროსადგურები განლაგებულია კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში, საერთო დადგმული სიმძლავრით 52,5 მვტ (ყველა ერთობლივად მოხსენიებულია, როგორც „პროექტი“). პროექტი განხორციელდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (EPC) ხელშეკრულების ფარგლებში. ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M) წარიმართება O&M ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტი კატეგორიზებულია „B" კატეგორიად EBRD-ის 2024 წლის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად. პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სათანადო გამოკვლევა ჩატარდა 2026 წლის იანვარში EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების (ESR) შესაბამისად პროექტის სტრუქტურირების მიზნით. წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.