ვის აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება
შემოსავლების სამსახური მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ 2025 წლის საანგარიშო პერიოდის შეჯამებისას აღნიშნა, რომ 31 მარტი არის საშემოსავლო და მოგების გადასახადების წლიური დეკლარაციების წარდგენის, ასევე კუთვნილი გადასახადის გადახდის ბოლო ვადა როგორც მეწარმე ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. მისივე განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება თანაბრად ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებზე, შეღავათიანი რეჟიმით მოსარგებლე სუბიექტებსა და იმ დაქირავებულ პირებზე, რომელთა შემოსავალიც გადახდის წყაროსთან არ დაბეგრილა, მათ შორის დიპლომატიურ დაწესებულებებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულ მოქალაქეებზე.
„2025 წლის საანგარიშო პერიოდზე მეწარმე ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარმოადგინონ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია 31 მარტის ჩათვლით. ასევე იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინონ მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია. მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში ესენი არიან თვითდასაქმებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ვალდებულება ყოფილიყვნენ დარეგისტრირებულები ინდივიდუალურ მეწარმეებად, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სამეწარმეო ორგანიზებულ საქმიანობას, იღებენ შემოსავლებს, მოგებას - მათ, მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, 31 მარტის ჩათვლით აქვთ წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენისა და შემდგომ გადასახადის გადახდის ვალდებულება.
აქ შედიან ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ მინიჭებული სხვადასხვა შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, სტატუსები: მიკრობიზნესის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ასევე წარადგენენ დეკლარაციას. ამ კატეგორიაში შედიან ასევე, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვიურ დეკლარირებაზე არიან, მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელები, მათ აქვთ ასევე პასიური შემოსავლები, მაგალითად იჯარიდან მიღებული შემოსავლები. ასევე ცვლილებები იყო განხორციელებული 2025 წელს თებერვლის თვეში, როდესაც მათ მიერ გაწეული სამშენებლო საქმიანობა დაბეგვრას ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით, ჩვეულებრივი რეჟიმით საშემოსავლო გადასახადი და მათაც უწევთ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფიზიკური პირები, რომლებიც იყვნენ დაქირავებული, ეწეოდნენ დაქირავებულ შრომას 2025 წელს. ეს არის პირველი, დიპლომატიურ დაწესებულებებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, მათაც უწევთ დეკლარაციის წარმოდგენა, რომელთაც გადახდის წყაროსთან არ ჰქონდათ დაბეგრილი ეს მიღებული შემოსავლები, ვინაიდან დიპლომატიური დაწესებულებები არიან წყაროსთან დაკავების ვალდებულებისაგან განთავისუფლებული, მოგეხსენებათ. და მეორე კატეგორია დაქირავებულების ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დასაქმებული მოქალაქეები, რომლებსაც ასევე გადახდის წყაროსთან არ დაუკავდათ, მათ ასევე აქვთ ვალდებულება თვითონ დაადეკლარირონ და გადაიხადონ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი“, - განაცხადა ლევან დგებუაძემ,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღი იყო. 1-ლი აპრილი კი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი,მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
09.06.2026.17:56
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.
„აკრედიტაციისმსოფლიო დღე ყოველწლიურად 9 ივნისს აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ვულოცავთ აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებს და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
წლიდან წლამდე აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება სულ უფრო მეტ სფეროში ხდება, რადგან მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებლები და მწარმოებლები სულ უფრო მეტად ენდობიან აკრედიტებული ორგანიზაციების საქმიანობას.
წლევანდელი წელი აკრედიტაციის მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წლის იანვრიდან აკრედიტაციის სფეროში შეიქმნა ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია - Global Accreditation Cooperation Incorporated – Global ACI. მან ჩაანაცვლა ამ სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაცია - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა.
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, როგორც საერთაშორისო და ევროპული აკრედიტაციის სისტემების ნაწილი, სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესებში და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო და ევროპაში აღიარებულ სერვისებს აწვდის. სწორედ ამ აღიარების დამსახურებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, რომელთა შესაბამისობაც დადასტურებულია აკრედიტებული ლაბორატორიის, სერტიფიკაციის თუ ინსპექტირების ორგანოს მიერ, დამატებითი ბარიერების გარეშე ხვდება ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.