ვის შეეხება სახელმწიფო მიწების მითვისებაზე ამნისტია - პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც, ითვალისწინებს ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.
ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობით.
პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. შემდეგ კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს პროკურატურის შესაბამის დანაყოფს ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამ ამნისტიის გავრცელება.
პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში, პირის მიმართ ამნისტია არ გავრცელდება.
ამნისტია უნდა აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
ამნისტია არ ეხება მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით , აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826