ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სტიმულის მიმცემი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდებში უკვე ვიხილოთ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ყირგიზეთის დედაქალაქებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი
„ყირგიზეთთან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შეფასებისას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საწინდარი გახდება.
„ვიზიტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებისა თუ ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებისთვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები აღნიშნულთან მიმართებაში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სტიმულის მიმცემი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდებში უკვე ვიხილოთ პირდაპირი ფრენები დედაქალაქებს შორის", - განმარტა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826