ვქმნით პლატფორმას და მნიშვნელოვანია, რომ ენერგოკომპანიებისთვის ყოველწლიურ პროექტად იქცეს - რესან ქიქავა ენერგეტიკულ ფორუმზე
GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით 4-5 ივლისს თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენასა და ფორუმს მასპინძლობს
ExpoGeorgia-ს აღმასრულებელი დირექტორი რესან ქიქავა Business Insider Georgia-სთან განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მას სამომავლოდ ყოველწლიური სახე მიეცეს.
„ეს არის ჩვენი პირველი მცდელობა ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ადრე გვქონდა მსგავსი ტიპის, როცა ენერგო და ტელეკომუნიკაციების გამოფენას ვატარებდით. თუმცა შემდგომ იყო პაუზა და ახლა არის პირველი მცდელობა, პირველი ნაბიჯები და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დგება. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ, რომ ერთიანი პროდუქტია.
უკვე დადასტურებული რაც არის და რაც ვიცით, არის ის, რომ მონაწილეები გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფორუმი. იმართება საერთაშორისო ფორუმი, გვეყოლება ძალიან ბევრი საერთაშორისო დელეგატი. Black Sea Energy Week ტარდებოდა და ტარდება უნგრეთში და მისი გაგრძელებაა ეს ფორუმი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით მათი დარწმუნება, ჩვენი გამოფენის ფარგლებში ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგეს.
მონაწილეები არიან კომპანიები, რომლებიც მზის, ქარს და ჰიდრო ენერგიის სექტორში საქმიანობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათთვისაც საინტერესო იქნება როგორც ფორუმის ნაწილი ისე გამოფენაში მონაწილეობა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ერთიანი საქმეა, ჩვენ ვქმნით პლატფორმას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები დაინტერესდნენ, მოვიდნენ, და ხელი შეუწყონ იმას, რომ ეს პლატფორმა იქცეს ყოველწლიურ პროექტად“, - აღნიშნა ქიქავამ.
აღსანიშნავია, რომ 4-5 ივლისს დაგეგმილ ფორუმზე მოწვეულნი არიან ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც დამსწრეებს წარუდგენენ სექტორის უახლეს მიღწევებსა და ინოვაციებს.
წლევანდელი ფორუმის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის ხაზგასმა წარმოადგენს. განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე და პოზიციონირდეს, როგორც სუფთა ენერგიის ექსპორტიორი ევროპის მასშტაბით.
სხვა სიახლეები
ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - თამარ იოსელიანი
08.07.2026.18:56
„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.
„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.