ვმუშაობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შევინარჩუნოთ ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა - ლევან დავითაშვილი
„თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ ზრდას, ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დასაწყობების სფეროები. ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვები უმთავრესი პრიორიტეტია," - განაცხადა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მოდერნიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი საშუალება იძლევა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფანში და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა.
„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს და ვსაუბრობთ მომავალ პერსპექტივაზე, როგორ შეიძლება დამატებით და გრძელვადიანად დავამაგროთ ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთები, ანუ საქართველომ, ერთი მხრივ, გაზარდოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროებს უკავშირდება, ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ავამაღლოთ," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია 600 ბლოკ მატარებელი შუა დერეფნის გავლით. „ჩინეთიდან წამოვა ახალი ტვირთები, რაზეც უკვე შეთანხმება არსებობს. ესეც დამატებით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება შუა დერეფნის ტვირთბრუნვის ზრდის კუთხით," - აღნიშნა ლევამ დავითაშვილმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შენარჩუნდეს ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826