ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ობიექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იქმნება ხელსაყრელი პირობები, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს.
„ვქმნით კონკურენტულ ბიზნესგარემოს, ვაძლიერებთ ადამიანურ კაპიტალს, ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს"- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მის ხელმძღვანელს, მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებს, პროექტში ჩართულ ყველა უწყებას, სპეციალისტს, მშენებელს, ინჟინერსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხვალინდელი დღიდან მზად ვართ ამ სივრცეში ვუმასპინძლოთ ყველა ადამიანს, ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს, მოსწავლეებს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში - ირაკლი ნადარეიშვილი
12.09.2026.14:38
საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა, 2023 წელს კი აღნიშნული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რასაც თან ახლდა თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ციფრული ეკონომიკის ფარგლებში.
„წელს ჩვენ ასევე შევთანხმდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე, რაც ითვალისწინებს თანამედროვე დებულებების დანერგვას ელექტრონული კომერციის, ინვესტიციების წახალისებისა და ინფორმაციაზე წვდომის მიმართულებით. ჩვენ ასევე გავდივართ უბრალო ვაჭრობის ფარგლებიდან უფრო მტკიცე საინვესტიციო პარტნიორობისკენ. საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ტრადიციული ვაჭრობის ფარგლებს სცილდება.
„ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ციფრულ სერვისებში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკურ გადაწყვეტებში, ფინანსურ და პროფესიულ მომსახურებასა და ელექტრონულ კომერციაში. მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადების ჩარჩოების შემუშავებაში ჩინეთის გამოცდილება ძალზე რელევანტურია, რადგან საიმედო და ეფექტიანი ციფრული კავშირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
ჩინური კომპანიებისთვის საქართველოს შეუძლია შესთავაზოს ეფექტიანი ბაზა რეგიონული ოპერაციებისა და ევროპასა და აზიას შორის მომსახურების მიწოდებისთვის. ქართული კომპანიებისთვის კი ჩინეთი იძლევა წვდომას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მიმზიდველ ბაზარზე.
ჩვენი მიზანი ამ ძლიერი მხარეების დაკავშირება უნდა იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტი ჩინეთში CIFTIS-ის ფარგლებში ჩატარდა, სადაც საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.