ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს - მარიამ ქვრივიშვილი
ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა, საერთაშორისო ავტომაგისტრალები და ლოგისტიკური ცენტრები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ხედვის ნაწილია როგორც ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარება, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის განვითარება.
„დღევანდელი ინვესტიცია ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ პოზიციას რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი.
პროექტის განვითარების მეორე ეტაპზე კი დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
სხვა სიახლეები
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით, ხედვით და სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში - მარიამ ქვრივიშვილი
25.06.2026.15:16
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებს და სტრატეგიას შეეხო, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან დიალოგს და კომუნიკაციას, ამდენად, ეკონომიკის სამინისტრო ხშირად აორგანიზებს ასეთი ფორმის შეხვედრებს. ვისაუბრეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და, ფაქტობრივად, იმ ისტორიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს რკინიგზაში ვახორციელებთ, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, სახმელეთო ტრანსპორტისა და საავიაციო ტრანსპორტის მიმართულებების განვითარებაზე" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მხარეებმა ისაუბრეს როგორც სახელწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენი საერთო ძალისხმევით, ხედვით და საერთო სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიზრდება ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რათა გეგმის მიხედვით, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემი მივიღოთ" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კერძო სექტორთან შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.