ვცდილობთ, რომ იაფი დაფინანსების წყაროები მოვიზიდოთ და კომპანიაში დავამკვიდროთ, დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები, EBRD-ის მოთხოვნები - ნინო მჭედლიშვილი
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს.
აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.
პროექტის შესახებ Business Insider Georgia ექსკლუზიურად ნინო მჭედლიშვილს, საინვესტიციო კომპანია „ფერი“ ჯგუფში შემავალი კომპანიების („ალაზნის მზისა“ და „კახეთის მზის“) დირექტორს ესაუბრა.
,,ქვეყნისთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოზიდული ინვესტიცია, რაც თავისმხრივ ეკონომიკის განვითარების მთავარი პირობაა. ჩვენც ვცდილობთ, რომ იაფი დაფინანსების წყაროები მოვიზიდოთ და კომპანიაში დავამკვიდროთ, დავაკმაყოფილოთ ეს ევროპული სტანდარტები, EBRD-ის მოთხოვნები და შესაბამისად, ჩვენი პროექტებიც მაღალ დონეზე იყოს თავიდანვე დაგეგმის დონიდან ოპერირების განმავლობაშიც.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40.6 მეგავატის სიმძლავრეზეა საუბარი, რაც წარმოადგენს საშუალო სიმძლავრეს და ერთ-ერთი პირველი ელექტროსადგური იქნება ,,Utility-Scale Greed”-ზე (ერთ-ერთი პირველი ქსელზე დაერთებული კომერციული სადგური) დაერთებული. რა თქმა უნდა დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის და კარგია ზოგადად ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, პროექტის არა-ტექნიკური რეზიუმის თანახმად, ველი შპს არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ავითარებს, ფლობს და ახორციელებს მზის ელექტროსადგურების (მზის ელექტროსადგური) ექსპლუატაციას. ამჟამად ველი-ს საკუთრებაშია 5 მზის ელექტროსადგური (საერთო დადგმული სიმძლავრე: 12 მვტ), რომლებიც 2025 წლის სექტემბერში გადაეცა ექსპლუატაციაში, და კომპანია კიდევ 5-ს ავითარებს, სულ 12 მზის ელექტროსადგურის პორტფელის ფორმირების მიზნით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) განიხილავს ამ პორტფელის დაფინანსებას. მზის ელექტროსადგურები განლაგებულია კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში, საერთო დადგმული სიმძლავრით 52,5 მვტ (ყველა ერთობლივად მოხსენიებულია, როგორც „პროექტი“). პროექტი განხორციელდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (EPC) ხელშეკრულების ფარგლებში. ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M) წარიმართება O&M ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტი კატეგორიზებულია „B" კატეგორიად EBRD-ის 2024 წლის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად. პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სათანადო გამოკვლევა ჩატარდა 2026 წლის იანვარში EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების (ESR) შესაბამისად პროექტის სტრუქტურირების მიზნით. წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას.
სხვა სიახლეები
საქართველო-სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა
29.07.2026.19:00
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 488.9 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (22 758.6 ათასი დოლარი) 25.2%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან სინგაპურში განხორციელებულმა ექსპორტმა 14 157.8 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 82.3%%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის ციფრს.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო სინგაპურში ახდენს:
•ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 878.4 ათასი დოლარი;
•ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 694.6 ათასი დოლარი;
•ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 514.0 ათასი დოლარი;
•ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 352.3 ათასი დოლარი;
•სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი - 279.1 ათასი დოლარი.
რაც შეეხება სინგაპურიდან პროდუქციის საქართველოში შემოტანას, კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 14 331.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (15 963.5 ათასი დოლარი) შედარებით 10.2%-იანი კლებაა.