ვვარაუდობთ, რომ ანაკლიაში 3 კვირაში სრულად დავამთავრებთ დაღრმავებით სამუშაოებს - პარალელურად, რეჟიმში, ვაგრძელებთ ტალღმტეხის მშენებლობას, რომლის 30%-ზე მეტი განხორციელებულია | Jan de Nul პროექტის დირექტორი
ანაკლიაში ყველა პროცესი გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს, ჩვენ აქ ჩავატარეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის ძალიან მნიშვნელოვანი დაღრმავებითი სამუშაოები, - განაცხადა Jan De Nul პროექტის დირექტორმა ერიკ ბეითსმა.
როგორც ანაკლიის ღრამწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარე ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებზე საუბრისას მან აღნიშნა, უკვე მოხდა 5 400 000 კბ/მეტრი ქვიშის ამოღება.
„დაგვრჩა მცირე სამუშაოები, რაც მეტწილად შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის ფსკერის გაწმენდაა. ვვარაუდობთ, რომ 3 კვირაში სრულად დავამთავრებთ დაღრმავებით სამუშაოებს. პარალელურად რეჟიმში, ვაგრძელებთ ტალღმტეხის მშენებლობას, რომლის 30%-ზე მეტი განხორციელებულია“, - აღნიშნა ერიკ ბეითსმა.
ამასთან, Jan De Nul პროექტის დირექტორის განცხადებით, სამუშაოები უკვე წყალში გადავიდა, ამ ტემპებით ტალღმტეხის მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდება.
„როგორც Jan De Nul-ის წარმომადგენელი, მოხარული ვარ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ვმონაწილეობ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ სამუშაოების მიმდინარეობით, რადგან 2026 წლის ივლისში დავიწყეთ დაღრმავება და ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია“, - განაცხადა პროექტის დირექტორმა.
სხვა სიახლეები
ანაკლიის აკვატორიის დაღრმავების 95%-მდე შესრულებულია - Jan de Nul-ის ჯგუფის ფლოტის დამრღმავებელმა ერთ-ერთმა გემმა AL-IDRISI-მ პორტის ტერიტორია უკვე დატოვა, ამ ეტაპზე ადგილზე რჩება მეორე გემი, რომელიც დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს | ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი
24.11.2026.22:06
ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა. ზაფხულში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური Jan De Nul-ის ჯგუფის ფლოტის ორი დამმღრმავებელი გემი: Tristao Da Cunha და Al-Idrisi ახორციელებდა. “გემმა Al-Idrisi-მა უკვე დატოვა ანაკლიის აკვატორია, რადგან სამუშაოების 95%-მდე შესრულებულია. ამ ეტაპზე, ადგილზე რჩება მეორე გემი, რომელიც დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს,” - აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე დაღრმავების სამუშაოები დასრულდება.
„დეკემბრის ბოლომდე დაღრმავების სამუშაოები, მათ შორის შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება, სრულად შესრულდება. პარალელურად, დაწყებულია ტალღამტეხის მშენებლობა, რომელმაც ზღვაში გადაინაცვლა. მთლიანი სიგრძის 460 მეტრი უკვე აშენებულია, რაც სამუშაოების 32%-ია და მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება.
საქართველოს მთავრობის გეგმა, 2029 წლის ბოლოსკენ ანაკლიაში პირველი გემი მივიღოთ, განხორციელებადია - ამის თქმის საშუალებას ყველა მოცემულობა გვაძლევს. იმისთვის, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა 2029 წელს ოპერირება დაიწყოს, აუცილებელია რეგიონულ სატრანსპორტო კვანძს დაუკავშირდეს, რისთვისაც გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.
ზურაბ სიჭინავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ფარგლებში სამუშაოები აქტიურ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - მოქმედებს სამი ცვლა და შესაბამისი ამინდის პირობებში პროცესი 24-საათიანია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში ტალღამტეხის მშენებლობისას დიდი ტალღები ზოგჯერ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, სარეზერვო ტექნოლოგიებისა და მისასვლელი გზების გამოყენებით პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოებზე დაახლოებით 150-200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
“დასაქმებული 150-200 ადამიანიდან უმრავლესობა ადგილობრივია. პროექტი შემდგომ განვითარებასა და სამომავლო გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ მთელ ქვეყანას,” - აღნიშნა ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა.
ზურაბ სიჭინავა განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა.