ზაფხულის სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან 43 ავიაკომპანია 88 მიმართულებით განახორციელებს რეისებს
2023 წლის I კვარტალში საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით 1.048 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 49.9%-ით მეტია 2022 წლის I კვარტალთან შედარებით და 3.3%-ით მეტი პანდემიამდელ (2019 წლის I კვარტალი) მაჩვენებელთან შედარებით.
PMC Research-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა ყველაზე მეტი იყო თბილისში (713,600), რომელსაც მოსდევდა ქუთაისი (253,100) და ბათუმი (77,100).
„თუმცა, მიუხედავად წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდისა, თბილისის აეროპორტისთვის მგზავრთა რაოდენობა ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს (11%-ით ნაკლები 2019 წლის I კვარტალთან შედარებით), ხოლო ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ რაოდენობას.
საქართველოს შიდა აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ მთლიანობაში გადააჭარბა პანდემიამდელ (2019 წლის I კვარტალში) მოცულობას, თუმცა ამბროლაურის აეროპორტის მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა 2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, შემცირდა“, - განმარტავენ PMC Research-ში.
საქართველოში სამგზავრო ფრენების რაოდენობის აღდგენის ტემპი ეტაპობრივი იყო და შეიმჩნეოდა აღდგენის სეზონურობაც. კერძოდ, 2021 წლის III კვარტალში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღდგა, რასაც მოჰყვა კლება და შემდგომი აღდგენა 2022 წლის III კვარტალში. 2023 წლის I კვარტალში სამგზავრო ფრენების რაოდენობა თითქმის აღდგა პანდემიამდელ ნიშნულამდე და მიაღწია 4.8 ათას ფრენას, რაც 37.1%-ით მეტია 2022 წლის I კვარტალთან შედარებით.
ზამთრის სეზონის განმავლობაში (2022 წლის 30 ოქტომბერი – 2023 წლის 25 მარტი), განრიგის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარულ რეისებს ახორციელებდა 41 ავიაკომპანია 61 მარშრუტით. ამავე პერიოდში, კვირაში ფრენების საშუალო რაოდენობამ 390 შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის განრიგთან შედარებით.
2023 წლის ზაფხულის სეზონში ( 26 მარტი – 2023 წლის 28 ოქტომბერი) დაგეგმილია 43 ავიაკომპანიის რეგულარული ფრენები საქართველოს აეროპორტებში, რაც ოდნავ მეტია 2022-2023 წლების ზამთრის სეზონის მაჩვენებელზე. მარშრუტების საერთო რაოდენობა შეადგენს 88-ს, რაც 44.3%-ით მეტია წინა სეზონთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ზაფხულის სეზონის განრიგით განსაზღვრულ მიმართულებებზე 6.4%-ით ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე ყოველკვირეული რეისების საშუალო რაოდენობა განრიგის მიხედვით მიაღწევს 555-ს, რაც 42.3%-ით მეტია 2022-2023 წლების ზამთრის სეზონთან შედარებით და 5.9%- ით ნაკლებია 2019 წლის ზაფხულის სეზონში დაგეგმილი ფრენების რაოდენობაზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826