ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ზამთრის პერიოდში არსებული დეფიციტის შემცირებას შეუწყობს ხელს - ანა ჯეჯელავა
ზამთრის დეფიციტს ცალსახად უშველის მეტი გენერაციის განვითარება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ზამთრის დეფიციტს ცალსახად უშველის მეტი გენერაციის განვითარება, ოღონდ სწორი გენერაციის, ზამთრის გენერაციის, როგორც აღვნიშნე, ეს შეიძლება იყოს რეზერვუარიანი ჰესი ან ქარის სადგური საქართველოს რეალობაში.
რაც შეეხება ზაფხულის სიჭარბეს, აქ, გარდა იმისა, რომ არ წავახალისოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ზაფხულში მეტს გამოიმუშავებს, ამავდროულად არის სხვა მექანიზმები, როგორ შეიძლება იყოს ადგილობრივი მოხმარების გადაადგილება დროში, წახალისების რაღაც მექანიზმების შემოტანა ან რაღაც სიცხადის შემოტანა ქვეყანაში, რომ არის ჭარბი ელექტროენერგია ზაფხულის პერიოდში და მოდით, თუნდაც მძიმე მრეწველობამ გადაიტანოს თავისი გენერაცია წახალისების ქვეშ ზაფხულის პერიოდში, რაც დაგვეხმარება, რომ ზამთარში მათი მოხმარება შემცირდება და ნაკლები იმპორტი დაგვჭირდება, ხოლო ზაფხულში ისინი გამოიყენებენ ამ სიჭარბეს.
კიდევ ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რა თქმა უნდა, ექსპორტი. სიჭარბის ერთ-ერთი კარგი მართვის მექანიზმია. ნუ, წელს ფასების გამო არ მოხდა ექსპორტი. საექსპორტო ხაზები საკმარისად გვქონდა წლევანდელი მოცულობისთვის და მომავალში უნდა მოხდეს ამ ექსპორტის ხაზების დივერსიფიცირება. ასევე, შეიძლება, რაღაც მოკლევადიანი წახალისების მექანიზმები იყოს ან რაღაც შეთანხმებები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ექსპორტზე გავა და ეს ექსპორტი ეკონომიკურად საინტერესო და მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის“, - აცხადებს ანა ჯეჯელავა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826