11 თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში ₾3,3 მილიონზე მეტი შევიდა
ქვეყნის მასშტაბით, უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა იზრდება.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 3,345,028.10 ლარი შევიდა, რაც 70,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის 11 თვის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 1,961,372.07 ლარი შევიდა.
2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 3,344,176.10 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 852 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
რაც შეეხება ბათუმს, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.