2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა - ლაშა ხუციშვილი
2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს.
მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონი ლარი იყო. 10 თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს.
„ჩვენ ბიუჯეტი შედარებით კონსერვატიულ პროგნოზზე გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 82%-ს აჭარბებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. კერძოდ, 2020 წელს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 9 000 დოლარს გადააჭარბებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.