2023 წელს საგადასახადო/საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა, ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია - ლაშა ხუციშვილი
2023 წელს საგადასახადო/საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, დღეს, საბაჟო ადმინისტრაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ევროპული მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე პროექტების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება.
"2024 წელი, ასევე, გამორჩეული იქნება საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისთვის და იმავდროულად, ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანით დაინტერესებული სატრანსპორტო სექტორისა და ექსპორტიორებისთვის, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამთავრობო დაწესებულებებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, წელს იგეგმება საერთო ტრანზიტისა და ერთიანი ადმინისტრირების კონვენციებთან საქართველოს მიერთება. შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მიეცემა საშუალება, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული ერთი ელექტრონული დოკუმენტისა და გარანტიის საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი ევროპის კონტინენტზე მდებარე 35 ქვეყანაში ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემის მეშვეობით.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოში დაინერგა ევროკავშირის მოდელის მიხედვით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ინსტიტუტი საქართველოში. დღეისთვის, ასეთი ტიპის სტატუსის მქონე 8 ეკონომიკური ოპერატორია.
„ვსარგებლობ დღევანდელი შესაძლებლობით და ბიზნეს სექტორის თითოეულ წარმომადგენელს, ბიზნესასოციაციებს მოვუწოდებ მოითხოვონ აღნიშნული სტატუსის მიღება, გახდნენ ჩვენი პარტნიორები და წვლილი შეიტანონ ევროკავშირის ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან მიმართა ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკბების გამართვას.
„ევროკავშირთან საბაჟოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, აგრეთვე, ევროკავშირის საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა, რაც საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ საბაჟო სფეროში ჰარმონიზების დღის წესრიგი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.