2025 წელს ფულადი გზავნილები 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს - Galt & Taggart
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ფულადი გზავნილები 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ის ცნობით, იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა.
„სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა 318.7 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 12.1%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+15.2%, მთლიანის 46.6%), აშშ-დან (+16.5%, მთლიანის 18.6%), რუსეთიდან (+20.2%, მთლიანის 13.0%), ისრაელიდან (+13.9%, მთლიანის 7.5%) და თურქეთიდან (+18.1% წ/წ, მთლიანის 3.4%).
ამასთან, ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყირგიზეთიდან (-18.4%, მთლიანის 2.4%) და ყაზახეთიდან (-14.2%, მთლიანის 2.0%).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.