2026 წელი [საბანკო სექტორისთვის] ალბათ ფრთხილი ზრდის წელი იქნება - ალექსანდრე ძნელაძე
2026 წელი ფრთხილი ზრდის წელი იქნება, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„თუ საბანკო სექტორი ზრდაზეა ორიენტირებული, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს სტაბილური და მდგრადი, რათა ზრდის ტემპის მიმართ ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს. მოდით, განვიხილოთ არსებული გამოწვევები.
პირველი და უმნიშვნელოვანესი არის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის შემცირების დინამიკა. ამ საკითხს ყურადღებას უთმობს როგორც საბანკო სექტორი, ისე მარეგულირებელი. არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და მაქვს იმედი, რომ ზაფხულის შემდეგ ვითარება შეიცვლება.
უნდა ვაღიაროთ, რომ ტურიზმის სექტორმა ყველა არსებული გამოწვევა საკუთარ თავზე „აიღო“ - იქნება ეს ფრენების გრაფიკის ცვლილება თუ სხვა სირთულეები. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ბოლო მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ მაისისა და ზაფხულის სეზონი ამ სექტორისთვის წარმატებული იქნება.
მიუხედავად ამისა, მუდმივი ცვალებადობა მაინც აზიანებს ამ მიმართულებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დოლარიზაციას უკავშირდება. კურსის ვოლატილობამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე დიდი სავალუტო რისკი კვლავ მსხვილ მსესხებლებთან რჩება. მართალია, ეს კომპანიები თავად მართავენ საკუთარ ლიკვიდობასა და პოზიციებს, რაც დიდ პრობლემებს არ უნდა იწვევდეს, თუმცა რისკი მაინც არსებობს.
რაც შეეხება კონცენტრაციას, მასზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ ცალსახა გამოწვევად ვეღარ განვიხილავ. სწორედ საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციაა იმ წარმატების საფუძველი, რომელსაც დღეს საქართველოს ბანკი აღწევს.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბაზისბანკის მიერ ზომით მესამე ბანკის შეძენა და, ზოგადად, ქართული საბანკო სექტორის განვითარება, რომელიც რეგიონში მართლაც გამორჩეულია. შესაბამისად, კონცენტრაცია მხოლოდ რისკი არ არის. თუ ყველა პოზიციას სწორად შევაფასებთ, დავინახავთ, რომ ის, პირიქით, შესაძლოა მნიშვნელოვანი წინსვლის წინაპირობაც კი გახდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.