2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები
FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
რა არის FTSE 100?
FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.
ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group. FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.