ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა - სებ
აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთი სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია, - ამის შესახებ სებ-ის „თვის მიმოხილვა“-შია აღნიშნული. სებ-ში განმარტავენ, რომ საქართველოში დაბალ ინფლაციას კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო შოკების ეტაპობრივი მილევა და ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია განაპირობებს.
„აპრილში მარტთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ბენზინის 3.1%-იანი გაძვირება იყო, რამაც ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან გამოსარჩევია სეზონური ფაქტორების გამო ვაშლის გაძვირება, რამაც თვის ინფლაცია ასევე 0.1 პპ-ით გაზარდა, ხოლო იმერული ყველის გაიაფებამ 0.3 პპ-ით შეამცირა.
წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 1.9%-ით გაიაფება, რის გამოც ინფლაცია 0.6 პპ-ით შემცირდა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურის, კარტოფილის და ყველის ფასების კლება, რამაც ინფლაცია ჯამურად 1.2 პპით შეამცირა. მეორე მხრივ, ბენზინის, საბანკო მომსახურებისა და ვაშლის გაძვირებამ ინფლაცია 1.6 პპ-ით გაზარდა“, - აღნიშნულია „თვის მიმოხილვაში“
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 2.3%-ის დონეზეა.
ირკვევა, რომ ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა. აპრილში ადგილობრივი ინფლაცია 2.5%-ს გაუტოლდა და მასში მთავარი წვლილი მომსახურების ფასების ცვლილებამ (2.9 პპ) შეიტანა. შერეული წარმოების კატეგორიის პროდუქტები ჯამში 1.9%-ით იაფია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი გარკვეული სურსათისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფებაა. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირებაა.
„მომსახურების ინფლაცია შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, აპრილში 5.6%-ს შეადგენდა. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში, როგორც ვთქვით, ადგილობრივ ინფლაციას აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების გამოკლებით ადგილობრივ პროდუქტებზე დეფლაცია აღინიშნება. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას აქვს (1.3 პპ)“, - აცხადებენ სებ-ში.
შეგახსენებთ, რომ აპრილში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 1.5% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. მარტთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.