„ამერიაბანკის“ შეძენის ტრანზაქციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა FTSE 100-ში შესვლაში - არჩილ გაჩეჩილაძე
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მრავალწლიანი სწავლისა და განვითარების შედეგია, რომელიც არაერთ გამოწვევასა და შეცდომაზე გადის. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადამწყვეტი როლი ამ წარმატებაში სომხეთში გაფართოებამ და „ამერიაბანკის“ შეძენამ ითამაშა, რამაც კომპანიას ინდექსში უფრო სწრაფად მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.
„რამოდენიმე მომენტი იყო განმსაზღვრელი ჩვენი წარმატების ამ გზაზე და ერთ-ერთი, რომელსაც გამოვყოფდი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ძალიან დიდი რესურსი ჩაგვედო ციფრულ შეთავაზებებში და ასევე ბრენდის სიძლიერეში და ეს სადღაც 7 წლის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამას ვაპირებდით. ეს დიდი გადაწყვეტილება იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არც ისე მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფილიალში რომ ადამიანი შემოდის და მას შეიძლება რაღაც შესთავაზო პროდუქტი, ამას ერთის მხრივ აკეთებთ, ამის გაციფრულება არ არის უბრალოდ პროცესების კოპირება. მთლიანად უნდა გადაიაზრო თავიდან როგორ და რანაირად ხდება და ამის გაკეთება რამოდენიმეჯერ მოგვიწია, შეცდომებიც ბევრი დავუშვით და მერე ეს გამოვასწორეთ, ვისწავლეთ და ეს მუდმივი პროცესია. ასე რომ, ამის გაკეთება როგორც გუნდი ერთად, გუნდისთვის მთლიანად ამის კეთება არ არის მარტივი, ვინაიდან აქ სისწრაფე არის, უცებ სწავლა, რომ რა მოსწონს და რა არ მოსწონს ჩვენ მომხმარებლებს. ეს არის მთელი პროცესი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო.
მეორე საფეხური ასევე უმნიშვნელოვანესი ამ მიზნის მისაღწევად იყო ჩვენი გაფართოება სომხეთში. ეს იყო ერთის მხრივ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და დრომ გვაჩვენა, ეს იყო ძალიან წარმატებული ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის მარტში ჩვენ, ანუ ორი წლის წინ, შევიძინეთ „ამერიაბანკი“, რომელიც არის წამყვანი ბანკი სომხეთში, ნომერ პირველი ბანკია არა მარტო ციფრებით, არამედ ბრენდის სიძლიერით და ხარისხით. და ეს ტრანზაქცია ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ FTSE 100-ში შევსულიყავით და შევსულიყავით უფრო მალე, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას