არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2022 წლის ბოლოსათვის 127.1 მლრდ ლარი შეადგინა
გამოკვლევის შედეგების მიხედვით არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2022 წლის ბოლოსათვის 127.1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.0 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2022 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 28.1 მილიარდი ლარია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 43.3. 2022 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 67.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 17.3 მილიარდ ლარს. 2022 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 15.1 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 10.1 მილიარდ ლარს შეადგენს. კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2022 წლის ბოლოსათვის 59.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
არაფინანსური კორპორაციების მიერ 2022 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 19.4 მილიარდ ლარს.
2022 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 1.7 მილიარდი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით 111.3 მილიონი ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 472.5 მილიონი ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.