არასაბანკო საფინანსო სექტორი ლიკვიდობისა და კაპიტალის სოლიდურ ბუფერებს ფლობს - სებ
არასაბანკო საფინანსო სექტორი ლიკვიდობისა და კაპიტალის სოლიდურ ბუფერებს ფლობს. როგორც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ფორმალურ საბანკო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაღალ ნიშნულზეა,42 რაც იმის მანიშნებლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოთხოვნა ჩრდილოვან საფინანსო მომსახურებაზე დაბალია.
„ფორმალურ ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვანია არასაბანკო საფინანსო სექტორის როლიც. 2023 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მოცემული სექტორის აქტივები 2.4 მილიარდი ლარის ფარგლებშია, რაც საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივების 3.6 პროცენტს შეადგენს. არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების აქტივების უდიდესი წილი - 1.9 მილიარდი ლარი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკუთვნის. 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესდა და უმოქმედო სესხების წილმა 5.4 პროცენტი შეადგინა.
საგულისხმოა ისიც, რომ სესხების დოლარიზაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელში მნიშვნელოვნად შემცირდა და 1.5 პროცენტის ფარგლებშია. მიმდინარე მდგომარეობით, აღნიშნულ ორგანიზაციებში კაპიტალის ადეკვატურობა 38 პროცენტს შეადგენს, რაც, არსებული გაურკვევლობის ფონზე, მნიშვნელოვან ბუფერს წარმოადგენს. ამასთან, 2018 წელს ამოქმედებული პრუდენციული მოთხოვნების შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლიკვიდობის მაღალი ბუფერები აქვთ, რაც მათ, სტრესის არსებობის პირობეშიც კი, მომხმარებლებისათვის ფინანსური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაში დაეხმარება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ფინანსური ინსტიტუტის - მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩო შეიმუშვა და ლიცენზირების მოთხოვნები შემოიღო. მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას იმ სექტორში განახორციელებს, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. გარდა ამისა, მიკრო ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით დანახარჯები მნიშვნელოვანად ნაკლები, ხოლო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე რესურსებზე ხელმისაწვდომობა მეტი ექნება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და, შესაბამისად, კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.